- რასობრივი დისკრიმინაცია
- • ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად საერთაშორისო კონვენციის მიხედვით ტერმინი ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, განსაკუთრებულობას, შეზღუდვას ან უპირატესობას, დაფუძნებულს რასაზე, ფერზე, ეროვნულ ან ეთნიკურ წარმოშობაზე, რომელიც მიზნად ისახავს გააუქმოს ან ხელი შეუშალოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარებას, სარგებლობას ან განხორციელებას თანაბარ საფუძველზე, საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ან სხვა სფეროში.Source: გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დოკუმენტები / [საქ. ახალგ. იურისტთა ასოციაცია] - თბ. : [საია], 1999 - წ. 2 - , 2005,• ყველა ფორმის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციაში „რასობრივი დიკრიმინაცია“ განმარტებულია როგორც „ნებისმიერი განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავს ან შედეგად მოაქვს თანაბარი შესაძლებლობების, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების აღიარების, სარგებლობის და გამოყენების გაუქმებას ან დაბრკოლებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ან საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში“.Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004• ყველა ადამიანი მოითხოვს, და იმსახურებს, რომ მას მოეპყრან ისე, როგორც მისი საცხოვრებელი სახელმწიფოს დანარჩენ მოსახლეობას. ამგვარი თანასწორობა, როგორც უკვე აღინიშნა, დამოკიდებულია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაზე. რასობრივი დისკრიმინაცია განიხილება, როგორც განსაკუთრებით მწვავე, ვინაიდან ადამიანებს გამოარჩევენ მხოლოდ მათი კანის ფერის ან მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით, ანუ იმ ფაქტორების მიხედვით, რომლებსაც ისინი ვერ აკონტროლებენ (სანტა კრუზი ჰ.). ამ თვალსაზრისით, რასობრივი დისკრიმინაცია ჰგავს დისკრიმინაციას სქესის მიხედვით (განხილულია ზემოთ). მეორე მსოფლიო ომის საშინელებებმა უფრო მეტად დააფიქრეს ადამიანები რასიზმის პრობლემაზე და მის კატასტროფულ შედეგებზე. ადამიანებს ზოგჯერ გამოარჩევენ მხოლოდ მათი კანის ფერით, რის განსაკუთრებულ მაგალითსაც აპართეიდი წარმოადგენს. წინამდებარე ქვეთავი განიხილავს საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებას ამ ყოვლისმომცველი საფრთხის და იმ პრაქტიკის მიმართ, რასაც ეწოდება დისკრიმინაცია მთელს მსოფლიოში, და იმ საერთაშორისო დოკუმენტებს, რომლებმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მას. რასობრივი დისკრიმინაციის ასპექტები დიდი ხანია რაც გაერო-ს სამუშაოს მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. 2001 წელს საერთაშორისო საზოგადოება შეიკრიბა დურბანში (სამხრეთ აფრიკა) მსოფლიო კონფერენციის ჩასატარებლად. რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვა შეტანილია საერთაშორისო სამართალში. მრავალი მეცნიერი მას საჯარო საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმად მიიჩნევს (მაგ., ლერნერი ნ., გვ. 24). მზარდმა საერთაშორისო დაინტერესებამ გენერალურ ასამბლეას უბიძგა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის დეკლარაციის მიღებისკენ 1963 წელს. ეს დეკლარაცია გმობს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმას, რასობრივ უპირატესობაზე დაფუძნებულ სახელმწიფო პოლიტიკას განიხილავს როგორც სახიფათოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და პოპულარიზებას უწევს გაერო-ს მიზნებს - მთელი მსოფლიოს გათავისუფლებას რასობრივი სეგრეგაციისა და დისკრიმინაციისგან. ორი წლის შემდეგ გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საერთაშორისო კონვენცია, რომელსაც სურდა ამ პრინციპების გაერთიანება იურიდიულად სავალდებულო ფორმატში – 1966 წლის საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც მიღებული იქნა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 1963 წლის რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის დეკლარაციის შესაბამისად (გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 1904, GA Doc. A/RES/1904 (XVIII), 21/11/63). დეკლარაციის პრეამბულაში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ გაერო-ს ანტიკოლონიური პრაქტიკა გმობს რასობრივ დისკრიმინაციას ან უპირატესობას, როგორც მორალურს, ისე სოციალურს, და თვლის მას უთანასწოროდ და სახიფათოდ. იმ დროისათვის ასევე დიდ ყურადღებას იქცევდა აპართეიდის თემა. დეკლარაციის ბევრი მუხლი სამართლებრივ ძალას პოულობს კონვენციის პირობებში. ამ ორ დოკუმენტს საფუძვლად უდევს ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპი, რომელიც მოცემულია გაერო-ს წესდებაში და ზოგად პრინციპებს, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, გამოხატულს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. გენერალურმა ასამბლეამ კონვენციის ტექსტი მიიღო 1966 წლის 19 იანვარს. მან განაცხადა, რომ რასობრივი დისკრიმინაცია წარმოადგენდა საკითხს, რომელიც განხილული უნდა ყოფილიყო გაერო-ს ეგიდით. უნდა გვახსოვდეს, რომ კონვენცია რეალური იყო 1960-იან წლებში არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე: იგი წარმოადგენდა კონსენსუალურ შეხედულებას რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც სათავეს იღებდა რასობრივი უპირატესობის (აპართეიდი) დოქტრინიდან და კოლონიალიზმიდან. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს იყო დეკოლონიზების აქტიური პერიოდი, ცოტა სახლემწიფო თუ გრძნობდა, რომ რასობრივი დისკრიმინაცია ნამდვილ პრობლემას წარმოადგენდა მათი იურისდიქციისთვის. თუმცა კომიტეტის მუშაობის დაწყებისთანავე, ამგვარი პრობლემები დადგა რასობრივი დისკრიმინაციის de facto განსაზღვრების მხირვ, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა სახელმწიფოში იგნორირებული დისკრიმინაციის გამოვლინებებს. „ეთნიკურ წმემდასთან“ ბრძოლა ახალი გამოწვევაა კონვენციის მონაწილე მხარეებისათვის. კონვენციის პრეამბულის პუნქტები ჰგავს დეკლარაციის დებულებებს. ისინი იმეორებენ რასობრივი ბარიერების მოხსნის აუცილებლობას, გმობენ აპართეიდს და მხარს უჭერენ გაერო-ს მცდელობას, რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრას რასობრივი დისკრიმინაცია. კონვენცია შედგება სამი ნაწილისგან: პირველში დეტალურადაა მოცემული კონვენციის ფარგლები და მონაწილე მხარეებზე დაკისრებული ვალდებულებები; მეორე ეძღვნება იმპლემენტაციის/აღსრულების მექანიზმს; მესამე კი მოიცავს დოკუმენტის დასკვნით მუხლებს. მან კარგი გამოხმაურება მიიღო საერთაშორისო საზოგადოებისგან და რატიფიცირების მაჩვენებელიც მაღალი აქვს – 169 მონაწილე სახელმწიფო 2004 წლის ოქტომბრისთვის. კონვენციის მუხლი 1 (1) გვაწვდის „რასობრივი დისკრიმინაციის“ სამუშაო განსაზღვრებას: „ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისის გაკეთება ან აკრძალვების შემოღება რასის, კანის ფერის, წარმოშობის ან ეროვნული თუ ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე, რაც მიზნად ისახავს ადამიანის აღიარების, უფლებების რამენაირ უგულვებელყოფას და ზღუდავს მათ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო თუ სხვა რომელიმე სფეროში“. ნათან ლერნერი ამ განსაზღვრებას საკმაოდ ფართოდ მიიჩნევს ისეთი სიტყვების ჩასართავად, როგორიცაა „ყველა დიკრიმინაციული ქმედება, საერთაშორისო თუ ადგილობრივი, წარმატებული თუ წარუმატებელი, მიზნისა თუ შედეგის არსებობის პირობით“ (გვ. 26). ოთხ განსაზღვრულ მოქმედებას (განსხვავება, გამონაკლისის გაკეთება, შეზღუდვა და უპირატესობის მინიჭება) უნდა დაეფარა დისკრიმინაციის ყველა ასპექტი. ლერნერის აზრით, იმისთვის, რომ რომელიმე ამ ოთხი დასახელებული მოქმედებიდან განხილული იქნეს როგორც დისკრიმინაციული, უნდა შესრულდეს ორი პირობა. განსხვავებას, გამონაკლისის გაკეთებას, შეზღუდვასა და უპირატესობის მინიჭებას უნდა „(1) ჰქონდეს თანასწორობის საფუძველზე ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების უგულვებელყოფის ან ხელყოფის მიზანი ან (2) უნდა იძლეოდეს ამგვარ შედეგს“ (ლერნერი, გვ. 49). ალბათ საინტერესოა აღინიშნოს, რომ, გარკვეულ პირობებში, პოზიტიური დისკრიმინაცია შეიძლება დასაშვებიც იყოს. 1(4) მუხლში ნათქვამია, „განსაკუთრებული ზომები, რომლებიც მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ გარკვეული რასობრივი და ეთნიკური ჯგუფებისა თუ ინდივიდის სათანადო განვითარების უზრუვნელყოფის მიზნით, რომელიც მოითხოვება მათ მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების თანასწორად გამოყენებისთვის, შეიძლება არ ჩაითვალოს რასობრივ დისკრიმინაციად ოღონდ იმ პირობით, რომ ამგვარი ზომები შედეგად არ მოიტანს განსხვავებული რასობრივი ჯგუფების მიერ განსხვავებული უფლებების ჩამოყალიბებას და რომ ამგვარი ზომების გამოყენება შეწყდება იმ მიზნების მიღწევისთანავე, რომლებისთვისაც ისინი შემოღებული იყო“. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებისთვის მისაღებია აბორიგენი ადამიანების მიმართ ისეთივე მოპყრობა, როგორიც ხორციელდება ქვეყნის სხვა მოქალაქეების მიმართ. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, შეასწორონ ეროვნული კანონმდებლობა და მოახდინონ რასობრივი დისკრიმინაციის პრაქტიკის და/ან გაღვივების კრიმინალიზაცია (მუხლი 4). პრინციპში, სახელმწიფოს ყველა მოქალაქე, მათი რასობრივი წარმოშობის მიუხედავად (მუხლი 5), მაქსიმალურად თანასწორ პირობებში უნდა იყოს მოქცეული (კანონის წინაშე). ამგვარად, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და პასპორტების გაუცემლობა საზღვრისპირა რაონებში მცხოვრები ზოგიერთი მკვიდრი ჯგუფებისთვის, თუ მას კანონის ძალა აქვს მინიჭებული შესაბამისი მთავრობის მიერ, არღვევს კონვენციას. ბევრ სახელმწიფოს არ სურს პრობლემები ამ თვალსაზრისით. სახელმწიფოების მიერ კომიტეტისთვის გამოგზავნილი შენიშვნები კი გვიჩვენებს ამ სახიფათო ტენდენციის არსებობას. ზოგიერთი სახელმწიფო კი აცხადებს, რომ მას არ ჰყავს რაიმე ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც შეიძლება დისკრიმინაციას განიცდიდნენ მათ საცხოვრებელ ტერიტორიებზე, ხოლო სხვები კი ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ მათთვის უცნობია რასობრივი დაპირისპირება. ზოგიერთი ამ პრობლემათაგანი იმეორებს ერთმანეთს. მაგალითად, რასობრივი დისკრიმინაციის გაერო-სეულმა განსაზღვრებამ ხელი შეუწყო სამხრეთ აფრიკის ადრეულ განცხადებას აპარტეიდთან დაკავშირებით, რომ თითქოს რასობრივი დისკრიმინაცია არ არსებობს ქვეყანაში, ვინაიდან იგი მსგავს შესაძლებლობებს უქმნის თითოეულ რასობრივ ჯგუფს მათი ცალ-ცალკე განვითარების მიზნით. მიუხედავად ამისა, აპარტეიდი კანონგარეშედ გამოცხადდა 1973 წლის კონვენციით აპართეიდის დანაშაულის დათრგუნვისა და დასჯის შესახებ (ამჟამად ამ დოკუმენტის მოქმედება შეჩერებულია).Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
Georgian encyclopedia. 2013.